ფარული ქრისტიანობა ეს არის მოვლენა, რომელიც ეკლესიის ისტორიაში დევნულებასთან ერთად შევიდა. ყველაზე ცნობილი ის გახდა ოსმალთა იმპერიაში არსებული დევნულების ჟამს, პირველ რიგში ბერძენ ქრისტიანებზე განხორციელებული დევნის შედეგად. ჩვეულებრივ ამ მოვლენაში გულისხმობენ ქრისტიანობისადმი მიკუთვნებულობის გარეგნული ნიშნების დაფარვას და მთავრობისგანნ საზოგადოებისგან მის ფარულ აღმსარებლობას. ხანდახან ფარული ქრისტიანობის მიმდევრებს შეეძლოთ გარეგნულად სხვა რელიგიის მიმდევრებად წარმოეჩინათ თავი. ( ძირითადად ლაპარაკია ისლამზე). მალულად კი ისინი ქრისტიანულ საიდუმლოებებში და რიტუალებში ღებულობდნენ მონაწილეობას. ეს პრაქტიკა, რომელიც ეკლესიის რთულ პერიოდში აღმოცენდა, არაერთგვაროვანია. ზოგიერთიები მას ღვთისმოსაობის ერთადერთ შესაძლებელ ფორმად მიიჩნევენ, სხვები კი აკრიტიკებენ მას, თვლიან რა, რომ გარეგნულად სხვა რელიგიისადმი მიკუთვნებულობის ჩვენება ქრისტიანულ სინდისთან კომპრომისის ფორმაა. ღვთის ნების არცოდნის გამო, ძნელია ამ საკითხისადმი აზრის გამოთქმა. მითუმეტეს რთულია ასეთ საკითხებზე მსჯელობა იმათთვის, ვისაც საერთოდ არ გამოუცდია დევნულება, არასოდეს არ ყოფილა არათუ თავისი სიცოცხლის სიკვდილის ზღვარზე, არამედ თავისი ახლობლებისაც კი. ამიტომაც ჩევნ თავს ვიკავებთ ამ პრაქტიკის შესახებ მსჯელობისა და შეფასებისგან. ჩვენ უბრალოდ შევეცდებით ობიექტურად მოვიყვანოთ ის მოწმობები, რომლებიც ჩვენამდე არის შემორჩენილი ზაქარია ჭიჭინაძის და სხვა ავტორთა წყალობით. თუმცა, როდესაც თურქების მხრიდან ქართველთა მიმართ განხორციელებული დევნის თხრობისას, გვინდა მაინც აღვნიშნოთ ერთი რამ, როგორც ჩვენ გვესახება, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: როგორც არ უნდა აფასებდნენ ფარული ქრისტიანობის პრაქტიკას, ჩვენი აზრით ერთი რამ არის ნათელი. არ უნდა იწვევდეს ეჭვს იმ ადამიანთა სიწმინდე, რომლებმაც ქრისტესთვის სიკვდილი დაითმინეს. მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი ცხადად თუ ფარულად აღიარებდა ქრისტეს თავის სიცოცხლეში. ამ დიდი ღვაწლისგან გაკვირვებულებს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მოწიწებით მოვიყაროთ მუხლი და ვილოცოთ მათ წინაშე.
ბათუმიდან 60 კმ-ში, თუკი გადავკვეთავთ თურქულ საზღვარს და ართვინის მიმართულებით წავალთ, შემდეგ კი ქალაქ ბორკსადან სამხრეთით გადავუხვევთ და მდინარე მურღულის გასწვრივ წავალთ და ჭოროხის შესართავთან მივალთ, ვიპოვით იგივე სახელის მქონე ქალაქს - მურღულს. ამ ქალაქისა და მურღულის ხეობაში განლაგებული მიწების სისხლიანი ისლამიზაციის შესახებ, რომელიც მე-16, მე-19 ხდებოდა, ზაქარია ჭიჭინაძეს ადგილობრივმა მოხუცებმა მოუყვეს: « მურღულში რომ შესვლა დაიწყეს ოსმალთა, მურღულელებმა იგინი არ შეუშვეს, შეკრეს მურღულის შესავალი კარი და ოსმალთ შეუთვალეს:
-მურღულს უბრალოდ ეჩხუბებით, მის აღებას ვერ მოახერხებთ. გინდ რომ აიღოთ, ხალხი მაინც არ ჩაგბარდებათ.
-ჩვენ ავიღებთ ჩავიბარებთ კიდეც. მიუგეს ოსმალთა.
-ეს ქვეყანა თამარ დედოფლის არის, ამას ვერა სახელმწიფო ვერ აიღებს, ჩვენ არავის მივცემთ ამის აღების ნებას. მიუგეს მურღულელებმა.
-ეგ ჩვენ ვიცით, როგორც ავიღებთ, თქვენ რაც გერჩიოთ ის ჰქენით, აწი თამარ დედოფალი წამოგეშველოთ.
-კარგი, აწი დაიწყეს ომი, და ვნახავთ, ვინ ვის აჯობებს. ოსმალთ გადასწყვიტეს ომი, მაგრამ ვიდრე ომს დაიწყებდნენ, მათ განიზრახეს მურღულის მოწინავე კაცების შესყიდვა. დაიბარეს ეს კაცები და თავიანთი წადილი განუცხადეს; მაგრამ მურღულელებმა უარი უთხრეს.
-ჩვენ როგორ ჩევძლებთ თქვენთვის თხოვნის ასრულებას?
-რატომ, მიზეზი რა არის? ჰკითხეს ოსმალთა.
-მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენ ვიღწვით თქვენს წინააღმდეგ, ხალხს ჩვენ ვაბრძოლებთ და აბა ჩვენ რომ მათ ვუღალატოთ, ეს როგორ იქმნება, მიუგეს ქართველთა.
-ბეგობას და აღიობას მოგცემთ, აილუღს, ფულს, ოღონდ ჩვენი სიტყვა შეასრულეთ.
-ვერ ვიზამთ მაგას, ვერ შევასრულებთ.მიუგეს ქართველთა.
-მაშ დაგაპატიმრებთ.
-დაგვაპატიმრეთ, როგორც გენებოსთ. უთხრეს ქართველთა.
-დაგხოცავთ და საქმე უფრო ცუდათ წაგივათ. მიუგეს ოსმალთა. დაგვხოცეთ, მაგრამ რისთვის ან რაზე: ჩვენ თუ დაგვხოცავთ, ჩვენს გარდა მურღულში სხვებიც არიან ჩვენზედ უკეთესნი. ისინი გაუწევენ წინამძღვრობას, როგორც გერჩიოსთ, ისე ჰქენით. ოსმალთ დააპატიმრეს ეს კაცები და დაუწყეს ტანჯვა-წამება. მაგრამ მაინც ვერ დაიყოლიეს. ბოლოს ესენი დაახრჩეს ბაწრით, ამათი ამბები, მურღულში მივიდა. ოსმალებს ეგონათ, რომ ეს კაცები რომ დავხოცოთ, მათ შემდეგ მურღულელები თავს დაგვიკრავენ და დაგვმორჩილდებიანო, ეს კაცები ამაგრებენ მათაო. ის კი არა და ამ კაცების დახოცვის მეოხებით მურღულელები უფრო გაგულისდნენ, გაცხარდნენ და ოსმალთ სასტიკი უარი შეუთვალეს. ოსმალთ მალე დაიწყეს მათთან ომი, ომი დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ოსმალთა ვერაფერი გააწყეს; მურღულელებმა ოსმალთა ჯარის უმეტესი ნაწილი გაწყვიტეს, სულ უკან იფრინეს. ასეთი დამარცხება ჯარისა მურღულელებისაგან ხშირად მომხდარა ხოლმე. ოსმალებს გაუძნელეს მურღულის აღება. მურღულის ხალხის გმირობას ის უფრო ამხნევებდა და ინახავდა, რადგანაც მურღულში ბატონად ერთი ქართველი მღვდელ-მთავარი იჯდა, რომელიც მართავდა და განაგებდა მურღულის ქართველთა საქმეებს.
ბევრი სისხლის ღვრის შემდეგ ოსმალთა სძლიეს მურღულელებს. მთლად აიღეს, მაგრამ დიდი შიშით და ძრწოლით. ოსმალთ უთხრეს:
-თქვენ ოღონდ ჩვენს ხმალს მოენდეთ და სხვაფრივ თქვენ ჩვენი ფიქრი ნუ გაქვსთ, ჩვენ თქვენ არაფრით შეგაწუხებთ. სხვა ხეობის ქართველებსავით სჯულს არ გამოგაცლევინებთ. თქვენ ოღონდ ხარჯი გვაძლიეთ.
მურღულელნი დაემორჩილნენ მათს სიტყვას და დაიწყეს ცხოვრება. ოსმალთა იწყეს ფეხის გამაგრება. ნელ-ნელა შეისყიდეს აქა-იქ მოწინავე კაცები და უკანასკნელ მურღულის ქართველებს გამოუცხადეს შემდეგი:
-მურღული ოსმალისა არის, თქვენ ქართველებიც ოსმალისა ხართ, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ თქვენ ჩვენი წმინდა სჯული მიიღოთ და გათათრდეთ.
-ოჰ! ჩვენ მაგას ვერ ვიზამთ, ეგ არ შეგვიძლიან. მიუგეს ქართველთა.
-ომი მოხდება, დაიღუპებით, საქმე წაგიხდებათ.
-როგორც გერჩიოსთ, დაიწყეთ ომი, ვნახოთ როგორ იქმნება ბრძოლის საქმე!
ოსმალთა მალე დაიწყეს ომი; პირველ ხანებში იძლივნენ, მაგრამ მალე ტრაპიზონის და არზრუმის ჯარები მოვიდნენ და ასეთის შეერთებულის ძალით მურღულს დაუწყეს ომი. მურღულის ერი მოსდრიკეს. მონების ბორკილი დაადვეს კისერზედ. და მონების უმალვე გათათრება უთხრეს, მაგრამ ამაზედ უარი მიიღეს. ოსმალთა მალე მღვდლების გარეკვა დაიწყეს, მოკლე დროის განმავლობაში მურღულში ერთი მღვდელიც არ დარჩა, თვით მღვდელ-მთავარნიც გამოაგდეს. საჩქაროდ ეკლესიების ნგრევა-დაქცევაც დაიწყეს. ისე უწყალოდ და შეუბრალებლად მათ არსად დაუქცევიათ ქართველთა სისხლი და ეკლესიები, როგორც მურღულში. მურღულის ქართველობა თითქმის ასახელა თავისი არსებობა; ოსმალნი გააკვირვეს ამათ თავიანთის გმირობითა და ბრძოლით; ესენი ოსმალებს სჯულის გულისთვის დაუცხრომელად 1790 წლებამდის ებრძოდნენ. ამხანამდე აქ ბევრს სოფელში ქართველნი ქრისტიანობდნენ; ქრისტიანობისთვის ესენი არც ოსმალებს უშინდებოდნენ, როგორც შეეძლოთ, ისე ბრძოდნენ და იღვწოდნენ, მაგრამ ესენიც მობეზრდნენ ბრძოლას და უკანასკნელ მთლად მურღულის ქართველნიც გამაჰმადიანდნენ.
ოსმალნი დაწყნარდნენ და მურღულის ქართველებს მიუყენეს ჭანელ მოლა-ხოჯები. მერღულელთ მალე დაისწავლეს მუსლიმანური ლოცვები და ლოცვის წესები. ესენი მალე ისე დაახლოვდნენ, რომ ამათგან ზოგიერთმა ყმაწვილებმა სასულიერო წოდებაში შესვლაც ისურვეს და ამისთვის მზადება. მურღულელ ქართველთაგან მალე მოლა-ხოჯებიც გამოვიდნენ. ამათ იწყეს ხალხის მზადება და მაჰმადიანობის გავრცელება, მტკიცე ნიადაგზე დამყარება. ამათ ოსმალთ დაუნიშნეს საკუთარი მუდერისი, ამას ჰქონდა თავის „მეჯლიში’’ და ეს განაგებდა მურღულის ერის საქმეებს. მუდერისი სხვა მხრის მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს არ ჰყავდათ, მურღულელებს ოსმალებმა ასეთი უპირატესობა უფრო შიშის გამო მიანიჭეს, რადგანაც მურღულელების ეჭვი ჰქონდათ,
ქრისტიანობას სწამებდნენ, ეკლესიების პატივის-ცემას და სხვანი, მაგრამ მათ ვერც ხოჯებით და ვერც მუდრესით ვერაფერი გააწყეს. ყოველივე ამაოდ დაუშთათ.მურღულელები ზოგი თუ გაათათრეს ზოგი სულ ვერ გატეხეს.
-1840წელს ოსმალთა დიდი მეცადინეობით შეიტყვეს, რომ მურღულში თურმე გათათრებული ქართველები ჩუმად ქრისტიანობდნენ, და ეს ჩუმი ქართველი ქრისტიანები მთელს მურღულის ხეობის ქართველებსაც ამაგრებდნენ სჯულზე, ამათ მიმხრობილი ჰყავდათ თვით მოლა და ხოჯები. ქრისტიანების რიცხვი აღმოსჩნდა სოფელ გევლეში, თხილაზორში, ძანძულას, თასმალოს და რამდენიმე სხვა სოფლებში. საქმის გამოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხსნებულ სოფლის ქართველთ სჯულის გულისათვის ასი წელიწადი ოსმალთ წინააღმდეგ უბრძოლიათ და ასი წელიწადიც ამათ ქრისტიანობა ჩუმად შეუნახავთ.
ერთ დროს ესენიც მუსლიმანები ყოფილან და საიდუმლო ქრისტიანებიც. მუსლიმანობას დღისით ასრულებდნენ, მუსლიმანობა ისე ოსტატურად ეკავათ, რის გამო კაცი მათ ვერაფერ ეჭვს აართმევდა, ბაირამს რამაზანს და ასეთ დიდ დღესასწაულებს და მარხვებსაც დიდი ამბებით იხდიდნენ, სუნებსაც სიამოვნებით იხმობდნენ თავიანთ სახლებში, ერთი სიტყვის კაც ეს ხალხი ნამდვილი მუსლიმანები ეგონებოდა, ვერაფერ ეჭვს ვერ შეიტანდნენ მათზედ.
ქრისტიანობას ესენი ასრულებდნენ ღამით: მათ ერთი ოთახი ქონდათ ამორჩეული, ეს ოთახი ერთი მოსახლის ქვეშ იყო გაკეთებული, სარდაფივით დანიშნულ დროს ამ ოთახში გროვდებოდნენ და აქ ლოცულობდნენ ქრისტიანულად. ამათ ყავდათ მღვდელი, ეს მღვდელი ტრაპიზონში იყო ნაკურთხი,ბერძნის ეპისკოპოსისგან. ეს მღვდელი დღისით ნამდვილი მუსლიმანი იყო ღამე ქრისტიანი, ერის კაცის ტანსაცმლით იარებოდა ხალხში სალოცავ ოთახში კი იგი ფილონით შეიმოსებოდა.მღვდელს ყავდა ვაჯიშვილი და ეს ამაზადებდა მას, რომ ამის შემდეგ მღვდლად შვილი უნდა კურთხეულიყოს, ამათ გვარის წევრთ ასე მოუხერხებიათ ხოლმე ყოველთვის და ესენი ყოფილან მღვდლებად.
მღვდელი საეკლესიო ნივთებსაც ინახავდა, ბარძიმ ფეშხუმს, სანთლებსაც აკეთებდნენ, სანთლებს შიშის გამო ცოტას ანთებდნენ, საკმელს კი ხშირად აკმევდნენ; სხვა რამ საეკლესიო ნივთებიც ჰქონიათ, ნამეტურ ძველი ხატები, მაგრამ ყველა ესენი მათ სწყობიათ სალოცავ ოთახის ერთ დოლაბში, რომლის კარებიც კედელში ისე ოსტატურად ყოფილა ჩატანებული, რომ ხამი, უცხო კაცი იმას ვერ გაარჩევდა, ვერას შეატყობდა.საიდუმლო ქრისტიან ქართველები საიდუმლო ლოცვას გარდა მცირე კარშიაც ქრისტიანობდნენ.მაგალითებრ, შობა ღამეს ამათ იცოდნენ „ალილოს’’თქმა: პატარა ბიჭები ერთად შეიკრიბებოდნენ და აქა-იქ ქართველებთან ისევ „ალილოს’’ ძახილით წავიდოდნენ; ოსმალთა მოლა ხოჯები ასე ფიქრობდნენ, რომ ვითომც ბავშვები მღერიანო. ქართველნი ყველა ქრისტიან დღესასწაულებსაც იგონებდნენ ხოლმე და ნამეტურ უქმობდნენ შობას, აღდგომას, წყალკურთხევას, ახალ წელიწადს და ელიობას, ქრისტიანულ მარხვასაც ინახავდენენ. საიდუმლო ქრისტიან ქართველებს ერთი ჭანელი ხოჯა და ერთი მოლა გადაეკიდა: ესენი დიდი ოსტატობით ადევნებდნენ მათ თვალყურს და უკანასკნელ დარწმუნდნენ ქართველთა ქრისტიანობაზე, ამიტომ მათ საჩქაროდ დააბეზღეს ქართველნი. ოსმალოს სასულიერო მთავრობამ მალე კაცები გამოგზავნა; გამოძიება მოახდინეს და რამდენიმე ბავშვი გატეხეს, რო იგინი ქრისტიანობდნენ. პატარები რომ არ გამოეტეხათ, დიდრონებთან კი ვერას შეიტყობდნენ. საქმე გამოაშკარავდა, ქრისტიანებთან საქმის დამალვა აღარ იქნებოდა. ამათ მიმართეს ასე:
-ბატონებო, თქვენ რა გეპრიანებათ ჩვენის სჯულისაგან, ჩვენ ხომ მუსლიმანებიცა ვართ.
-არ შეიძლება, თუ მუსლიმანი ხართ, მუსლიმანი უნდა იყოთ და არა გიაური-ქართველი, გიაური და მუსლიმანი ერთად არ შეიძლება რომ იქმნეს.
-ჩვენ გიაურები არ ვართ, ჩვენ გურჯები ვართ. მიუგეს ქართველთა.
თქვენ სუყველას დაგხოცავთ, არც ერთს აღარ დაგტოვებთ მიუგეს ოსმალთა.
-ნება თქვენი აღსრულდეს, ხოლო ჩვენ რაც ვართ ის ვიქნებით და იმითივე გავსწყდებით.
საქმის გამოძიების და გარკვევის შემდეგ საიდუმლო ქრისტიანი ქართველები სიკვდილით იქმნენ განკითხულნი. დანიშნულ დღეს გაიყვანეს ისინი ზოგი სახრჩობელაზე ჩამოჰკიდეს და დაახრჩეს ზოგს თავი მჰკვეთეს და ზოგი დაჩეხეს; მაგრამ არცეთმა მათგანმა ამ დროს წარბიც არ შეიხარა, ქართველთა დახოცვის შემდეგ ოსმალთა მოძებნეს სამლოცველო ოთახიც, იქ იპოვეს ყველა საეკლესიო ნივთებიც და წიგნებიც; წიგნებს ცეცხლი მისცეს და დასწვეს, ოქრო ვერცხლის ხატები თვით წაიღეს და დაჰკიდეს, სხვადასხვა ნივთები კი თათრებს დაურიგეს, სამლოცველოც ოთახიც მთლად დააქციეს.
ოსმალებმა ესენი ასე უწყალოდ იმიტომ დასაჯესო, რადგანაც სხვა ქართველების ეჭვიც ჰქონდათო, რომ სხვებიც თუ არიან აქ ვინმეს ქართველი-ქრისტიანები, იმათ ნახონ ამათი ჟლეტა, წყვეტა და თავი გაანებონ გიაურობასო. ზემოხსენებულ ქრისტიან ქართველთ გარდა სხვებიც ყოფილან ჩუმი ქრისტიანები, რომლებიც აქა-იქ სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობდნენ და ჩუმად ქრისტიანობდნენ. ამათ რა ნახეს თავიანთი მოძმეების დიდი ტანჯვა-წამება, შემდეგ თვითონაც განშორდნენ ქრისტიანებს და სრულიად მუსლიმანობა იწყეს,-მეტი გზა აღარ ქონდათ, რას იზამდნენ!ასე და ამ გვარად მოსპეს ოსმალებმა მურღულში ქრისტიანობა, ამის მოსპობის შემდეგაც მურღულელი ქართველნი ქრისტიანულ წესებს არ სტოვებდნენ თურმე და როგორც ერთმა ბერძენმა (ლაზარელმა) მარწმუნა, „ალილოს“თქმა მურღულში გათათრებულ ქართველთა შვილებს 1870 წლებამდის სცოდნიათ. შობა ღამეს თურმე ესენი ამ ლოცვით დაივლიდნენ და მიულოცავდნენ იმ ქართველთა ოჯახებს, სადაც ასეთი მილოცვა მოსწონდათ. ჩვეულებად შერჩათ კიდევ საღვთოს დაკვლა და წითელი კვერცხების შეღებვა, მაგრამ ოსმალთა მძლავრობის მეოხებით არც ეს იქმნა დიდხანს დაშთენილი მათში,უკანასკნელ ომის წინათ ყველა ესენი სასტიკის ბრძანებით იქმნა მათში აღკრძალული და მოსპობილი.
დღეს, მურღულში, ქრისტიანობის აღარაფერი ნიშნებია დაშთენილი; მურღულელნი ნამდვილი ფანატიკოსები არიან, მოძულენი ქართველთა და ყველა ქრისტიანების. უკანასკნელს ომის დროს ყველაზე დიდის ფანატიზმით ესენი აღმოჩნდნენ მთელი მურღული ოსმალში წავიდა.»
1) ჭანეთი- ლაზისტანის ერთ-ერთი დასახელება, რომელიც განლაგებული იყო შავი ზღვის სანაპიროზე მდინარე ჭოროხიდან თანამედროვე ტრაბზონამდე( წარსულში საბერძნეთის ტრაპეზუნტი) და დასახლებულია ლაზებით(ჭანებით)