მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

საიტი ეძღვნება ქართველ მოწამეებს აჭარაში, ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში გაბრწყინებულთა

​5. ქრისტიანთა დევნა ზეგანში, დევესკხილში და მაჭახელაში

ახლა ზეგანს უწოდებენ იმ ადგილს, რომელიც ნაწილობრივ განლაგებულია თანამედროვე აჭარის ტერიტორიის ყველაზე სამხრეთით, მაჭახელას ნაციონალური პარკის რაიონში( ქვემოთ ტექსტში მაჭახელა), ნაწილობრივ კი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის მხარეში. თუმცა, ჯერ კიდევ 100 წლის წინ მას მიაკუთვნებდნენ დღევანდელ ხულოს მინიციპალიტეტსაც და მიმდებარე ტერიტორიასაც.

ბათუმიდან 38 კილომეტრში მდებარეობს ქედის რაიონული ცენტრი. (მუნიციპალიტეტის ცენტრი) ჭიჭინაძის დროს ეს დასახლება ჯერ კიდევ სოფელი იყო. ზუსტად ამ სოფლის ხოჯამ, ახმედ ხელიფაშვილმა მოუყვა ზაქარია ჭიჭინაძეს ამ ადგილების ისლამიზაციის შესახებ: «ზეგანი ნებით არის გამაჰმადიანებული, აქ ოსმალებს სისხლი არ დაუღვრიათ, - ამიტომ ზეგანი ნებით გაქრისტიანდებაო. ამის ნიშანი ჩვენ უკვე ვნახეთ, შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი, ზეგნელი, თავის ნებით გაქრისტიანდა. ძველად ხოჯა ხერხეულიძე ასე იტყოდა: რომ ნებით არც ერთი მხარეა გამაჰმადიანებული, სადაც კი გამაჰმადიანებულან, ყველგან ძალით მომხდარა. ზეგნელების აჭარელებზედ არა ნაკლები უტანჯნიათ, ნახევარი ზეგანი ფოცხვისა და ქვაბლიანისკენ გაწყდა ბრძოლაში, რადგანაც არ თათრდებოდნენ, დანდალომ ზეგანს მიჰბაძა და ამიტომ გაწყდნენ ესენიც ბრძოლაში. დანდალოს აჭარამ მიჰბაძა და აჭარაშიაც დიდი სისხლი დაიღვარა. ხოჯა ხერხეულიძეს კარგად ახსოვდა ის დრო, როცა აჭარაში ხალხი ქრისტიანობდაო.

ხერხეულიძე ღრმად მოხუცი გარდაიცვალა, ასე 90 წლისა. ეს იტყოდა ხოლმე, რომ ჩვენის გვარიდან პირველად მამა-ჩემი გამაჰმადიანდაო., მამაჩემი მაშინ 20 წლის დელეყანდი იქნებოდა და სჯულზე ძლიერ მაგრობდაო. თურქებს ბრძოლა აუტეხეს, მამაჩემის ერთი ნათესავი დაიჭირეს და თავი მოჰკვეთეს, ზოგი ბაწრით დაარჩეს; მამაჩემს შეშინებია და გამაჰმადიანებულა. ეს ამბები უნდა მომხდარიყოს 1770 წლებშიო.

ხულოს ეკლესია რომ დააქციეს, მაშინ ზეგნელები ძლიერ ჯავრობდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ რად აქცევენო. ფაშასთან მივიდნენ და სთხოვეს:

-ფაშა, აგრემც თქვენს მუხლებს ვენაცვალებით, ამ ეკლესიას ნუ აქცევთ, ცოდოა,ჩვენი ძველების გაკეთებულიაო, ნუ იზამთ ამასაო!

ფაშამ ამათ ღალატი შესწამა; ქრისტიანობას სწამებდნენ, ამიტომ თავები მოჰკვეთეს. ეკლესია მაინც დააქციეს, ეკლესიის ქვებით ფაშის სახლი გააკეთეს და მათ მეზელუხს (სასაფლაო) ყორე შემოავლეს, ჯამეს საძირკველი მათ ჩაჰყარეს და წყაროს კედლებიც მათ გააკეთეს. სხალთა რომ ჯამეთ გააკეთეს, მე პირველად ვალოცე იქ ხალხი, პირველად მე დავიძახე მაჰმადის ლოცვა მის მინარიდგან. სხალთის ეკლესიის სურათებს რომ ცეცხლს ვაძლევდით, ესეც ძლიერ ბევრ მოხუცებულებს სწყინდათ.

აჭარლებზედ მეტი სისხლი მაჭახელმა დაღვარა. აჭარის გამაჰმადიანების შემდეგ გავიდა ბარე 50 წელიწადი და მაჭახელი არც თათარი იყო და არც ოსმალს იცნობდა, იგინი ხარჯს არავის აძლევდნენ, იყვნენ კაი თოფების და ხმალ-ხანჯლის მკეთებელნი და ამიტომ ერთთავად ომი და სისხლის ღვრა უყვარდათ; ესენი აჭარლების სიტყვით გამაჰმადიანდნენ, თორემ ოსმალები ამათ ვერაფერს დააკლებდნენო. მაჭახლის სრულიად გამაჰმადიანება უნდა მომხდარიყოს 1790-1805 წლებამდის. ხალიფაშვილი ამბობდა, რომ მე გამიგია სხვებისაგან, შავშეთი და იმერხევიც ნებით არის გამაჰმადიანებული და ისინიც თავისს ნებითვე გაქრისტიანდებიან; შავშელნი ისეთი ხალხია, რომ ისინი ყველაზედ ადრე გაქართველდებიანო.»

ჭიჭინაძე მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც მას სოფელ პეტრულის მოსახლეობამ, ქართველმა მუსულმანმა ეიუბომ, მისმა მოხუცმა მამამ და სხვა მუსულმანებმა მოუყვეს. ეს ისტორიები მოწმობენ ღვთის ნიშნებზე და სასწაულებზე, რომელიც ხდება ისლამიზაციის დროს: «დევესქელის ხეობა სძევს ლივანაში, იგი ლივანიდან აღმოსავლეთ-სამხრეთით მიემართება. მშვენიერი ხეობა არის, მეტად ცუდი გზები კი აქვს, დევესქელის ხეობაზე ადრე ოცზე მეტი სოფელი ყოფილა, ეხლაც ამდენივეა. მაშინდელ დევესქელის სოფლის ხალხთა კარგ ეკლესიად პეტრულის პატარა ეკლესია ყოფილა. ამ ეკლესიის გვერდით წელიწადში ერთხელ ხალხი შეიკრიბებოდა და ლოცვას და ლხინს გადაიხდიდა. დევესქელის ხალხი ძალიან მხნე და ყოჩაღი ხალხი ყოფილა.

ოსმალებმა ლივანის გამაჰმადიანების შემდეგ მაჭახელასა და დევესქელის ხეობის გამაჰმადიანებას მიადგნენ. მაჭახელმა ძლიერ იწინააღმდეგა, ბევრი სისხლი დაღვარეს, ამათვე მიჰბაძეს დევესქელის ხეობის ქართველთაც. ხალხი გაწყდა თითქმის, განახევრდა სოფლები, მაგრამ მაინც ვერ გააწყეს რა. ოსმალებსაც მობეზრდათ ჩხუბი და დროებით თავი დაანებეს. ხალხმა მოფინა ხმები, რომ ოსმალები ქართველებს აღარ ამაჰმადიანებენო. ყველანი ემადლიერებოდნენ მაჰმადიანებს.

მალე დევესქელის ხეობამ ხელ-ახლა დაიწყეს ბრძოლა და მეცადინეობა გამაჰმადიანების შესახებ. მალე დევესქელის ხეობასაც მოადგნენ. დევესქელის ხალხი შეიარაღდა, ხელ-ახლა ჩხუბი დაიწყეს, მაგრამ ძალი აღარ იყო. ოსმალთ დევესქელის ორივე მხრის ხეობათა გზები შეჰკრეს და სასტიკის ბრძანებით გამაჰმადიანება გამოაცხადეს. მეტი გზა აღარ იყო, ხალხი უნდა გამაჰმადიანებულიყო, თორემ ყველას ანიავება ელოდა. მალე სასტიკი ბრძანება გამოიცა და ხალხმაც იწყო გამაჰმადიანება, მთელი დევესქელის ხეობა გამაჰმადიანდა.

იმ დროს, აქა იქ თითო ოროლა მღვდლები იყვნენ და ხალხს ქრისტიანებრ ალოცებდნენ, მაგრამ ამანაც დიდხანს არ გასტანა. მღვდლებს ლოცვები აღეკრძალათ და გარეკილ იქმნენ სხვაგან. ვინც გამაჰმადიანება ისურვა, ისინი აქ დასტოვეს. პეტრულში დარჩენილა ერთი მოხუცი მღვდელი, რომელიც ჩუმად ალოცებდა ხალხს ქრისტიანულად. ეს მღვდელი მთელს დევესქელის ხეობის ეკლესიებს ჰპატრონობდა და უვლიდა. ხალხი, რადგანაც ახლად გამაჰმადიანებული იყო, ამ მღვდელს საკმარისად პატივს სცემდა, ყველა ემორჩილებოდა მის სიტყვას. ხოჯებიც არ უშლიდნენ, რადგანაც იგი ბერიკაცია და დღეს თუ ხვალ მოკვდებაო. ასეც მოხდა, მოხუცი მღვდელი მალე გარდაიცვალა. ამის შემდეგ დევესქელში მოისპო მთლად და სამუდამოდ მღვდლების რიცხვი.

თუმც მღვდლები აღარ იყვნენ, მაგრამ ხალხი მაინც ჩუმად ქრისტიანობდა და ლოცულობდა აქა-იქ ეკლესიებში, ნამეტურ პეტრულის ეკლესიაში. მოხუცი მღვდელიც პეტრულის ეკლესიაში მდგარა. სიკვდილის შემდეგ იქვე დაუმარხავთ ჩვენ ხოჯებს. ხალხის ჩუმ ლოცვებს და ქრისტიანულ წესებს ჩვენმა ხოჯებმა ჯეროვანი ყურადღება მიაქციეს და იგინი სასტიკად უკრძალავდნენ ქრისტიანებრ ლოცვას და აქა იქ ეკლესიებში სიარულს, მაგრამ მაინც ხალხში ვერ სპობდნენ ქრისტიანობის სიყვარულის ნიშნებს. რამდენიც ისინი წინააღმდეგნი იყვნენ, იმდენი ჩვენე უფრო მაგრა და სასტიკად ასრულებდნენ ყველაფერს.

იმ დროში კი შიგა და შიგ შესყიდვით, ნამდვილი მაჰმადიანობის მექონი ქართველნიც მრავლდებოდნენ; ხოჯები მალე დარწმუნდნენ მასზედ, რომ ხალხს მალე ვერ დავავიწყებთ თავიანთ წეს-ჩვეულებასაო. მათ ითათბირეს და უკანასკნელ იჩივლეს ბათუმში, რომ დევესქელის მუსლიმანები ჩუმად ქრისტიანობენ და რა უნდა ეშველოთ მათაო? ბრძანება მოვიდა: რომ რაც ძველი ეკლესიები აქვთ, სულ დაუქციეთ და ხალხსაც სასტიკად აღეკრძალოს ეკლესიებისკენ სიარული და ქრისტიანებრ ლოცვაო.

ბრძანების შესასრულებლად მალე ჯარიც მოვიდა და ხალხს გამოეცხადა ბრძანება:

-მთავრობა გიცხადებსთ თქვენ, რომ დღეის შემდეგ ქრისტიანობის აღარ ილოცოთ რა, თორემ ყველას თავები დაგეჭრებათ.

-ჩვენ მაჰმადიანები ვართ, თათრის რჯული გვიჭირავს, ამას სუფთად ვასრულებთ და სხვაც რომ ვილოცოთ, ამასთან ვის რა საქმე აქვს? მიუგეს ქართველთა.

-ეგ არ შეიძლება, ბრძანება ასე არის! სთქვეს იქ მყოფ ხოჯამოლებმა.

ასევე მიუგეს ჯარის კაცთა და მალე განაცხადეს ხოჯებმა შემდეგი : აბა, ვინც ნამდვილი მუსლიმანები ხართ, გამოდით და პეტრულის ეკლესია დააქციეთ?

-ჩვენ თუმცა ნამდვილი მაჰმადიანები ვართ, მაგრამ პეტრულის ეკლესიას ვერ დავაქცევთ, ეს არ შეიძლება, იგი ჩვენს ძველებს გაუკეთებიათ ჩვენთვის და ჩვენ რს ვემართლებით, რომ იგი დავაქციოთ.

-არ შეიძლება, უნდა დააქციოთ, გაისმა ხმა მოლა ხოჯებისა და ჯარისაც.

საქმე ძალაზე მივიდა, ხალხს ორგულობას სწამებდნენ: ალბათ ნამდვილი მაჰმადიანები არა ხართ, რომ ამ ეკლესიის დაქცევა არ გინდათო, თორემ ამ ეკლესიის ბრალია, რომ დევესქელის სოფლების ხალხი ჩუმად ქრისტიანობსო. ამის დაქცევა აუცილებლად უნდა მოხდესო. მოხუცებულ ქალებსა და კაცებს ძლიერ ეწყინათ თურმე, კინაღამ ტირილი დაიწყეს, მაგრამ რას გააწყობდნენ, საქმე ძალაზე მივიდა.

მაშინ ქართველ ახალ გამაჰმადიანებულებში რამდენიმე კაცი გამოსულა და ამათ უთქვამთ:

-ჩვენ დავაქცევთ, ჩვენი ფიქრი ნურაფრის გაქვსთ, ჩვენ ნამდვილი თათრები ვართ.

-კეთილი, სთქვეს ხოჯა მოლებმა. მალე მოზიდეს ბარი, ნიჩაბი, წერაქვი და სხვა იარაღები და შეუდგნენ ეკლესიის დაქცევას. ერთი ხოჯა წინამძღვრობდა ამას. ერთმა გათათრებულმა წერაქვი აიღო, ავიდა ეკლესიის თავზე და დაქცევა უნდა დაეწყო. ამან პირველად წერაქვი ჯვარს დაჰკრა, ჯვარი მოვარდა, მაგრამ თვით დამკვრელიც ვერ დარჩა იქა, ისიც უცბად გადმოვარდა ძირს, კინაღამ მოკვდა. ხალხმა იყვირა:

-ღმერთი არ ყაბულობს მის დაქცევასაო.

-ჩვენ დავაქცევთო, იყვირეს მოლა-ხოჯებმა და ახლა სხვა თათარი აგზავნეს მაღლა გუმბათის დასაქცევად,მაგრამ ვერც ამან მოახერხა, ამასაც იგივე დღე დაადგა, რაც პირველს. ერთიცა და მეორეც ავადმყოფი წაიყვანეს შინა და ლოგინში ჩააწვინეს ერთს ამათგანს იმ დაქცევის დროს რაღაც საეკლესიო ნივთები ეშოვნათ და შინ წაეღო. წამღები ავად გახდა თურმე და ძლიერაც შეწუხდა. ერთ ღამეს ასეთი სიზმარი ნახა მან:

-მე თქვენი ძველების ხელით ვარ გაკეთებული და გამშვენებული, ჩემში თქვენი ძვლები ლოცულობნენ და დღეს კი თქვენ მე მქუცავთ, და მაქცევთ, რას მემართლებით; რა დამიშავებია თქვენთვის? ჩემი ნივთი ჩემს გვერდით მაინც იყოს! ჩემი სიტყვა შეისმინე, თორემ ბოლოს ერთობ შეგანანებ, კარგად არ გახდები. ავადმყოფმა სიზმარს ყურადღება მიაქცია. საჩქაროდ გაიქცა, ის ნივთი მიიტანა და ეკლესიის გვერდით დასტოვა. ამის შემდეგ ის ავადმყოფი ძალიან მალე მორჩა. ხალხი გაოცდა ამაზე. ერთს კაცს კიდევ იქედან რაღაც ქინძისთავი წაეღო, მეორე-მესამე დღეს ავად გამხდარიყო და შემდეგ გაგიჯდა კიდეც. მერე სიზმარი ენახა და პეტრულის ეკლესიის ჩივილი შეეტყო, რომ ნუ მაქცევთ მაგრე და ნუ მქუცავთო, მან ის ქინძისთავი საჩქაროდ მიიტანა იქ და დასდო, რის მეოხებითაც იგი მალე მორჩა. ამაზე ხალხი ერთობ გაჰკვირდა.

უკანასკნელ ყველანი დარწმუნდნენ მასზე, რომ ამ ეკლესიას ძალა ჰქონიაო და ამიტომ მას ნუ დავაქცევთო, ხალხიც ამას ითხოვდა. მოლა ხოჯებიც დარწმუნდნენ ამაზე და მის დაქცევას თავი დაანებეს, მერე აქ მომსვლელ მაჰმადიანებსაც არ უშლიდნენ ლოცვას, ხალხიც დიდხანს იარებოდა სალოცავად, მაგრამ უკანასკნელ ესეც დაივიწყეს, რადგანაც მაჰმადიანობა წმინდათ მტკიცდებოდა აქეთ.

ჩვენ გავმაჰმანდიადით, დღეს ნამდვილი მაჰმადიანები ვართ, მაგრამ ეკლესიის ამბებს კი არ ვივიწყებთ და მას ერთ კენჭსაც არ მოვაცლით. ვინც რამეს წაიღებს მისგან, ჩვენში ნათვამია, რომ იგი კაი დღეში არ ჩავარდებაო. სწორედ ამის მიზეზი გახლდათ, რომ 1890 წელს ჩვენმა თათრებმა ეკლესიას კარებიც გაუკეთეს და შეუბესო. ამ ეკლესიაში აქაურებს ჩუმი ლოცვა 1830 წლებამდის ჰქონიათ. დევესქელში სრულიად ქრისტიანობის ნიშნების მოსპობის დრო სწორედ ამ წლებს მიეწერება.»

სხვა ისტორია ჭიჭინაძემ ჩაწერა სოფელ ბაზრეთსა და ძნელიეთი მოხუცი მუსულმანის, ძნელაძის და სხვა მუსულმანი მოხუცების მონაყოლიდან: « მაჭახელში მთლად გათათრდა ხალხი, მაგრამ სოფ. ევფრატის ხალხმა კი დიდხანს შეინახა ქრისტიანობით თავი. ამით ოსმალებიც ხმას არ სცემდნენ, რადგანაც ძველთაგან ბრძანება ასე იყო, რომ ევფრატის გათათრება არ შეიძლებაო. ძველად იქ თამარ მეფის სახლი და დიდი ეკლესია იყო. ამ ეკლესიაში მარხია თამარ მეფე და იქ რომ ხალხს დაუწყონ გათათრება ეს ძალიან ცუდი იქნება და ღმერთი არ იყაბულებსო, გარდა ამისა მის ზემოდ კარჩხალის მთა არის, იქ ეშმაკებით სავსეა, ბევრი ლომები და არწივები არიან დაბმულნი, გამაჰმადიანების დროს სულ აწყდებიან იგინი, ჩამოვლენ ძირსა და ხალხს დასჭამენ, აღარც ერთს ოსმალს ცოცხალს არ გაუშვებენ და „გვანცალელაც“ ვინ იცის რაებს იზავსო. ჩვენები ევფრატის გამაჰმადიანებას ხელს არ ჰკიდებდნენ; რამდენისამე ხნის შემდეგ ოსმალოს კაცები მოვიდნენ აქ. ესენი მიუსიეს ევფრატს. ამათ დაიჭირეს იგი და ამათის ძალ-დატანებითაც გაამაჰმადიანეს ხალხი და მერე აქედგან კარჩხალის მთაზედ ავიდნენ და იქ ნახეს თამარ-მეფის სასახლე, საიდგანაც ის მთელს მაჭახელს დაჰყურებდა. ნახეს მისი ხაზინა, ტბა, სასახლეები, დუქან-ბაზარი და ეკლესიები. ყველა ესენი დააქციეს, დაანგრიეს და ამის შემდეგ უკან დაბრუნდნენ, გურჯებმა ამაზედ ბევრი იწუხეს და იტირეს, მაგრამ ვერაფერი ჰქმნეს, მაჭახელი მთლად გათათრდა და ევფრატში ყველაფერი დააქციეს. ევფრატელები გამაჰმადიანების შემდეგ ჩუმად კიდევ დიდხანს ქრისტიანობდნენ, მაგრამ მაინც ვერაფერი გააწყეს. როცა ბათუმის ფაშამ შეიტყო ეს ამბავი, ესენი დაიბარა და ძლიერ შეაშიანა: თუ დღეიდგანვე ნამდვილი მუსლიმანები არ გამხდარხართ, მაშინ მე თავებს დაგჭრით სუყველას თქვენ და გაგაქრობთ მიწაზეო. ესენი მაინც დიდხანს არ ივიწყებდნენ და არ სტოვებდნენ თავიანთს ძველს წეს-ჩვეულებას.

მაჭახლის შესახებ ბევრნი ამბობენ, რომ გამაჰმადიანების გამო ყველაზე ბევრი სისხლი მაჭახელელებს დაუღვრიათ. ამდენი სისხლი არც აჭარელთ, არც ზეგნელთ, არც ლივანელთ და არც სხვათ არ დაუღვრიათ, რამდენიც მაჭახელელებს. რაც აქედგან ხალხი გაიქცა გურჯისტანისაკენ, იმდენი ხალხი არც ერთის აქაურის მხრიდგან არ გაქცეულა იქეთკენაო. მაჭახელი ძალით არის გათათრებული და ძალითვე გაქართველდებაო. მაგრამ ჩვენში თქმულობა არის, რომ ეს ისევე უნდა გაქართველდეს, უამისობა არ იქნებაო. ამბობენ და ჩვენი ძველებიც იტყოდნენ ხოლმე, რომ ერთ ღამეს, ხერთვისის ეკლესიასთან ოსმალები დაესხნენ თავს ჩვენს ძველებსა და სულ დახოცეს, რადგანაც მათი ბაირამი იყო, ღამე ეკლესიაში შეგროვილიყვნენ, სანთლები დაენთოთ და აშკარად ლოცულობდნენ ოსმალების გასაჯავრებლად და ოსმალებმაც ამიტომ დახოცეს ყველანი იქ მყოფნიო. ამაზეა ნათქვამი, რომ ჩვენმა ძველებმა წითელის კვერცხისთვის ასი კაცი მოაკვლევინეს ოსმალებსაო.

ლაზისტანის ოსმალნი ლივანიაში შემოვიდნენ და აქედგან მაჭახელში, მაჭახელი მათ მაგრად და გულადად დახვდა, მაჭახლის ხალხი მეტად მაგარი და გაუტეხავი ხალხი იყო: ესენი ადვილად არ ჩაბარდნენ მაჰმადიანებს, ბევრი იჩხუბეს, მაგრამ ბოლოს მაინც ვერაფერი გააწყეს და ჩაჰბარდნენ ოსმალებს. ოსმალთ მაჭახლელებს მალე გამაჰმადიანებაც გამოუცხადეს; ეს ამბავი მაჭახლის ხალხს დიდად ეჯავრა. ამის გამო დაიწყეს ჭოჭმანობა და ბოლოს ოსმალოს წინააღმდეგ ჩხუბი ასტეხეს, გამაჰმადიანება არ გვინდაო. ოსმალთ ამაზედ ძლიერ ბევრი მაჭახელელები დახოცეს. მაჭახლელებიც ბევრს ხოცავდნენ ოსმალთ, მაგრამ საქმე მაინც მაჭახლელებს გაუჭირდათ, რადგანაც ოსმალნი თოფ-იარაღით იყვნენ და მაჭახლელებს კი არაფერი ჰქონდათ. ბევრი ხოცვის შემდეგ ოსმალთ სისხლის ღვრას თავი გაანებეს. ამათ სხვანაირის ოსტატობით დაუწყეს გამაჰმადიანება. ვინც არ მაჰმადიანდებოდა იმას დიდ ხარჯს ადებდნენ, სამართალში უკან აყენებდნენ, მოწმედ არსად იღებდნენ, უბრალოდ დანაშაულობის გამო სჯიდნენ, სულ უბრალო საქმის გამო მამულებს ართმევდნენ და იმ პირებს აძლევდნენ და ჰმატებდნენ, ვინც ახლად იყვნენ გამაჰმადიანებულნი; ახალ გამაჰმადიანებულთ აღიობასაც აძლევდნენ, ზოგს ბეგიობასაც. ასეთი საქმეებით გაავრცელეს აქეთ მაჰმადიანობა და ამიტომ იტყვიან ამაზედ, რომ მაჭახელი ნებით არის გათათრებული და ნებითვე გაქართველდებაო.

მაჭახელში ძველად საკმარისად გამოჩენილი აზნაურის გვარი იყო ძნელაძეების გვარი. ესენი სცხოვრობდნენ სოფელ ძნელიეთსა და ბაზარეთში, ამათ ებარათ რამდენიმე სოფლის ხალხი და გამგეობა. ძნელაძეებს გარდა მაჭახელში სხვა აზნაურებიც იყვნენ, მაგალითად, ქავთარაძეები, რომელნიც ადვილად გამაჰმადიანდნენ და ამიტომ ოსმალთ ამათ ბეგიობა მისცეს. ასევე, აზნაური ზაქარიაძეები, რომელნიც ბეგებად იქმნენ წოდებულნი და მრავალიც სხვა გვარის ხალხნი გამაჰმადიანდნენ ადვილად. მაჭახელში მაჰმადიანობა მოიფინა და სოფ. ძნელიეთამდე და ბაზარეთამდე მიაღწია. აქ დაბარებულ იქმნა ჩვენი ძველების ერთი უფროსი ძნელაძე, დიდის მამულ-დედულის პატრონი. ამას გამოუცხადეს გამაჰმადიანება იმ პირობითვე და იმ საჩუქრებით, როგორც სხვები გამაჰმადიანდნენ. ძნელაძემ უთხრა:
- მე არც გავმაჰმადიანდები და არც თქვენი საჩუქარი მინდა, ქრისტიანობას მაჰმადიანობაზედ არ გავცვლი, ეს არასდროს არ იქნება. მე ამას ნუღარ მეტყვით, თორემ ჩხუბი მოხდებაო. მაჰმადიანობა ამას ცუდი რამე ეგონა, ოსმალთ ძლიერ ეწყინათ და უთხრეს:
- კარგი, მაგრამ ბევრს შეგანანებთო. ძნელაძემ მიუგო:
- ნება თქვენი გახლდესთ! რამდენსამე ხნის შემდეგ ოსმალთ აუტეხეს დავა, დაუწყეს ცილისწამება, ჰბრალდებოდა ტყუილად კაცის კვლა, გაქუცვა, ახალგამაჰმადიანებულების შეწუხება და სხვანი. თავს მართლულობდა, მაგრამ უბრალოდ. ოსმალნი ძალიან სჩაგრავდნენ. ასეთი ბრძოლის გამო მას ხელითგან წაუვიდა თავისის მამულების უმეტესი ნაწილი. ოსმალნი ეუბნებოდნენ:
- გამაჰმადიანდით და ყველაფერს გაპატიებთ. ყველაფერს გაჩუქებთ. ძნელაძე ეტყოდა:
- გვარად ძნელაძე ვარ და საქმითაც ძნელაძე უნდა ვიქმნე. მე, აი ეს ყელი და ენა რომ მომჭრათ, მაინც არ იქმნება, არ გავმაჰმადიანდები. რად უნდა გავთათრდე, ჩვენმა სჯულმა რა დაგიშავათ, რა გიყოთ, მე ვერ ვიზამ, ჩვენ ფიცი გვაქვს მიცემული, რომ ვიდრე ძნელაძეებს პირში სული გვიდგია, მინამ ჩვენ ჩვენს სჯულს და ქვეყანას არ ვუღალატებთ. სხვებს თუ ნებავთ, ჩემს სოფლელებს, გამაჰმადიანდნენ, მე ნურავინ მერიდებაო. ამ კაცის მეგვარეებს და მოყმეებს დიდი მორიდება ჰქონდათ ამ პირისა; ამისი ჰრცხვენოდათ და ვერ მაჰმადიანობდნენ. რამდენისამე ხნის შემდეგ ესენიც გამაჰმადიანდნენ. მალე გამაჰმადიანდნენ თვით ამ კაცის ძმები და შვილებიც, მაგრამ ეს არ გამაჰმადიანდა. ამის გამო იგი შეებრძოლა ოსმალთ და ამ ბრძლის დროს მთლად დაჰკარგა თავისი მამულები და დარჩა ცარიელი. გაღარიბდა, გაღატაკდა, მაგრამ თათრობა მაინც არ მიიღო. ასეთ სიღატაკეში მყოფი ავად გახდა, სიკვდილზედ მივიდა. ამ დროს მაჭახელი მთლად გამაჰმადიანებული იყო, მღვდლები აღარსად იყვნენ, იქიდგან გარეკეს და ეკლესიებიც დაანგრიეს. ზოგი ჯამედ გადააკეთეს, ევფრატის ეკლესიაც მაშინ დაუქცევიათ, ავადმყოფ ძნელაძეს საქმე გაუჭირდა.

სიკვდილის წინად ძნელაძემ შვილები დაიბარა და უთხრა:
- ეს არის, ვთავდები, ვჰკვდები, აქ ბევრი ვეწვალე, ბევრი ვიტანჯე, ჩემი სჯულის გულისათვის დავჰაკრე ყველაფერი, ჩემი მამა-პაპის მამული ოსმალებმა წამართვეს შარებით და მისცეს იმათ ვინც ადვილად გამაჰმადიანდა. თავიანთ სჯულს გადაუდგნენ, საქართველოს უმტრეს და თათრებს მიემხრნენ, მათ დაღუპეს მაჭახელი. მე თქვენ ყელები დაგჭერით, ცალიერი გაგიშვით, ჩემი გულისათვის ოსმალებმა თქვენც არაფერი მოგცეს, რადგანაც ჩემი ჯავრი სჭირდათ. ეხლა მე ვჰკვდები, ვჰკვდები დიდის მწუხარებით და ჩემის მამა-პაპის სჯულზედ, რომელიც მე დიდის ტანჯვით შევინახე. ეხლა ჩემი მწუხარება ის არის, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემი დამარხვა, ვაი, თუ ქრისტიანულის, ქართულის, ჩემის მამა-პაპის წესით არ მოხდეს! თქვენ გამაჰმადიანებული ხართ და მაჰმადიანურად დამმარხავთო. სიკვდილის დროს ბევრი იტირა მან, ბევრი ეხვეწა თავის ნათესავებს, რომ ქრისტიანულად დამმარხეთო. და ამ დაპირების შემდეგ ძნელაძე გარდაიცვალა.

მიცვალებულის ძნელაძის ნათესავები წავიდნენ ართვინში და იქიდან მღვდელი მოიყვანეს. მღვდელმა უწირ-ულოცა და როცა მიცვალებული წაიღეს, მაშინ ზოგიერთ ახალ გამაჰმადიანებულებმა უყვირეს:
- მღვდელო, უნათე, მღვდელო უნათეო და სხვანი. ანასუნი იმის მამას, ქოფაკს. წაიღეს და აი, ამ პატარა ეკლესიაში დამარხეს. რა უჭირდა, ბატონო, რომ გამაჰმადიანებულიყო? ან ჩვენ რაზე დაგვღუპა და იმოდენა მამულები რაზე დაჰკარგა, ჩვენ რად ჩაგვაგდო ამ დღეში და ან თვით რას იტანჯებოდა? ხომ ნახა, რომ გამჩენელ ღმერთის ბრძანებას ვერას უზამდა! ის არ გათათრდა, მინამ ცოცხალი იყო, აქა-იქ თითო-ოროლა კაცს კიდევ ეკავა ქრისტიანის სჯული და ის რომ მოკვდა, მის შემდეგ კი მაჭახელში ერთი კაციც აღარ დარჩენილა, ყველა გამაჰმადიანებულა და საქმეც დაწყნარებულა და მორჩენილა. იმერეთსა და ქართლ-კახეთში მცხოვრები ძნელაძეები სულ აქედამ არიან გასულნი თათრობის გამო მაშინ, ძნელაძეების ერთ სოფელში 30 კომლი ყოფილა.»



1. სავარაუდოდ საუბარია აღდგომის შესახებ.