ბათუმიდან 40 კილომეტრში ხულოს მიმართულებით, ქედის მუნიციპალიტეტში, ქედასთან ახლოს. სწორედ ის იყო მე-15-17 ყარსის მოწამეთა თავშესაფარი. თვითონ ეს ქალაქი დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა. ეს უძველესი ქალაქი, ისტორიკოსთა შეფასებით, შესაძლებელია მე-4 საუკუნეში ყოფილიყო დაფუძნებული. თუმცა სომეხი და ბიზანტიური წყაროები მას მხოლოდ მე-9 საუკუნიდან ახსენებენ. მე-10 საუკუნეში ის იყო სომხეთის დედაქალაქი, სანამ ის ანში არ გადაიტანეს. მე-10 და მე-11 საუკუნეებში ყარსი იყო ყარსის სამეფოს დედაქალაქი, სანამ 1064 წელს ის ბიზანტიას არ შეუერთდა. თურქ-სელჯუკთა შემოსევის დროს ის მათ შემადგენლობაში მოექცა. 1206 წელს კი, თამარ მეფის მმართველობის დროს, ყარსი განთავისუფლდა თურქ-სელქჩუკთაგან და საქართველოს სამეფოში შევიდა. 4 ასწლეული ყარსი იყო ქართული ქალაქი, მართლმადიდებლობის გავრცელების ერთ-ერთი ცენტრი. მე-16 საუკუნეში, სულეიმინ I-ის დამპყრობლური ომების შედეგად, ყარსი და მისი შემოგარენი მიწები თურქ-ოსმალთა მიერ იქნა დაპყრობილი.
ყარსის მცხოვრებთა შთამომავლობის მოწმობები, რომელებიც ჭიჭინაძის მიერ იყო ჩაწერილი და შემდეგ გამოქვეყნებული წიგნში: საქართველოს გამაჰმადიანება ან ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოში XVII-XVIII ს-ში.
მოთხრობილია სოფელ ვაიოს მუსულმანი მოსახლის, გოგიტიძის მიერ:
ყარსის ძველად ქართველების ქალაქი იყო, მის გარშემო სულ ქართველები სცხოვრობდნენ. ყარსის იქითაც საქართველო ყოფილა. ოსმალებს ყველაზე წინად ყარსის ქალაქი დაუჭერიათ; რამდენსამე ხნის შემდეგ თათრებს ქართველებისთვის გამაჰმადიანება უთხოვნიათ. მაგრამ ქართველები არ დასთანხმებიან და ოსმალებთან ამის გამო ჩხუბი მოსვლიათ. ქართველთაგან ძლიერ ბევრი დახოცილან, ბევრი ქართლ-კახეთს გამოქცეულან, ბევრნი იქ დარჩენილან. ჩხუბებს ბოლო და დასასრული არ მისცემია. ამ დროს, ყარსისკენ მდგარან გოგიტიძეები, ამათი სოფლები იქით ყოფილა. გოგიტიძეები აზნაურები ყოფილან მეფეების დროს და თათრებს ამის მაგიერ აღიობა მიუციათ. ერთი გოგიტიძეთაგანი მეტად შესანიშნავი კაცი ყოფილა , ხალხის მოყვარე და ქვეყნის ერთგული. ეს წასულა ოსმალებთან და უთქვამს:
-ბატონებო, ჩვენი რად გეშინიანთ თქვენა, ჩვენი რის შიში გაქვსთ, ჩვენს სჯულს რად ეხებით, რად გინდათ, რომ ჩვენ ჩვენი ძველი სჯული დაგვაკარგვინოთ, ამით უფრო ბევრს მტრებს გაიჩენთ, თქვენ, სჯობს, რომ ამდენი ხალხის ეს ჯლეტა-წყვეტას თავი გაანებოთ და ქვეყანას უპატრონოთ. ჩვენ ერთგული ვართ, მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ წინააღმდეგ სიტყვა, კრინტი არავინ დასძრას, ხმალი არავინ აიღოს ხელში; ოღონდ მოგვასვენეთ, ჩვენს სჯულს თავი გაანებეთ: ხალხი ამაზედ სწუხს და სულ ამის გამო არის უკმაყოფილო, რომ ნუ გვათათრებენო! ოსმალთ მიუგეს მას:
-ძალიან კარგი, ყველაფერს შევასრულებთ , მხოლოდ შენის სიტყვით და შენის დაპირებით და ისიც იმ შემთხვევაში, შენ თუ თათრის სჯულს მიიღებ; ეს იცოდე, რომ მაშინ ყარსის ფაშობასაც შენ მოგცემთ და მართე იქაურობა ჩვენის ერთგულებით. ასეთი რჩევა გოგიტიძეს მოეწონა. ამან იფიქრა: ამდენი ვაი-ვაგლახი თუ ჩემის გამაჰმადიანებით მოისპობა და მეც ფაშა გავხდები, მაშინ რა მიჭირს, გავმაჰმადიანდები და ამით ქვეყანას და ხალხს მაინც ავაცდენ დიდს უბედურებასაო ამიტომ ეს კაცი მალე გამაჰმადიანებულა. ამისთვის სახელად სეიდი უწოდებიათ და ყარსის ფაშად დაუდგენიათ. სეიდ ფაშა გოგიტიძე ძლიერ შესანიშნავი კაცი ყოფილა და თავისი საქმეებიც კარგად უმართავს, მაგრამ არ გასულა დიდი ხანი, სეიდ ფაშას გამაჰმადიანების შემდეგ, რომ ოსმალის ფადიშაჰისაგან ბრძანება მოსულა,რომ ქართველები მთლად უნდა გაამაჰმადიანოთ, ჩემს სამეფოში ყველა მაჰმადიანი უნდა იყოსო. ამ ამბავს ხალხი არ დაჰყაბულებია, სეიდ ფაშასთან მისულან და უთქვამთ:
-ეს რა ამბავი არის, დაგვიმორშილეს, ფეხი გაიმაგრეს,ყოველივე ჩვენი საიდუმლოება შეიტყვეს და ახლა გამაჰმადიანებას გვეუბნებიან,სჯულიდან ხელის აღებას?!
სეიდ-ფაშა მიმხრობია ქართველთ და ამათ ოსმალთა წინააღმდეგ ჩხუბი დაუწყიათ. ჩხუბში დიდძალი ქართველობა გამწყდარა, მაგრამ არც ოსმალთ დასდგომიათ კარგი დღე, ესენიც მრავალი დახოცილა. ოსმალთ მალე მოშველებია ოსმალოს ახალი დასვენებული ჯარი და ამით გაუმარჯვნიათ. ქართველები ძლეულან და ამ ძლევის დროს სეიდ-ფაშა გოგიტიძე თავის ხალხით აჭარაში გამოქცეულა რადგანაც აჭარა მაშინ საქართველოსი იყო. აქ ქართველი მეფე იჯდა. ყარსიდგან მოსული სეიდ ფაშა გოგიტიძე აჭარის სოფ. ვაიოში დასახლებულა, აქ გაუმაგრებიათ თავი და აქედგან უბრძოლიათ ოსმალთ წინააღმდეგ. აჭარელთ დიდი ხანი შეუნახავთ თავი. ყარსისკენ კი მთლად გამწყდარა ქართველობა ომში და ვინც დარჩენილან, ბოლოს ესენიც გამაჰმადიანებულან.გამაჰმადიანების შემდეგ ოსმალთა ქართველებს ხოჯა-მოლები გამოუგზავნეს, ეკლესიები დაუქციეს, მღვდლები გამორეკეს, ზოგი დახოცეს და ვინც ქართულად ლაპარაკობდა, იმათ კიდევ აღუკრძალეს, რომ დღეის შემდეგ ქართულად ლაპარაკი არ გაბედოთ თქვენ, თორემ დაგხოცავთო. ახალგამაჰმადიანებულთ ძლიერ ეშინოდათ, რადგანაც ამათ მომხრე და ქომაგი არ ჰყავდათ და ამიტომ ძალა-უნებურად თათრულს ენაზე ლაპარაკობდნენ. ნელ ნელა თათრულს შეეჩვივნენ და ქართული მთლად დაავიწყდათ, ასე რომ, დღეს ყარსისკენ ქართული აღარავინ იცის. მას შემდეგ, ჩვენ გოგიტიძეები, სეიდ ფაშასი და მისი ძმების შთამომავალნი ვცხოვრობთ ვაიოში და ჩვენში ძველმა კაცებმა ამ სეიდ-ფაშა გოგიტიძის ქართველთ გამაჰმადიანების შესახებ ბევრი ძველებური ამბები იცოდნენო.
ოსმალებს ყარსისკენ ბევრი უდიერობა ჩაუდენიათ და საბრალო ქართველები უღმერთოდ და ურცხვად გაუთათრებიათ.
მოყვანილი მოწმობის მიხედვით, გოგიტიძეების გვარმა და მოსახლეობის სხვა წევრებმა გადაიტანეს კიდევ ერთი ისლამიზაცია, როდესაც თურქეთმა აჭარა დაიპყრო. თუმცა მიუხედავად ამისა, შეინარჩუნა ხსოვნა ყარსში მცხოვრები თავისი წინაპრების შესახებ.
დღეს ყარსის ტერიტორიაზე განლაგებულია სამი თურქული ქალაქი: ყარსი, ერზრუმი და არდაღანი. ამ პროვინციის ტერიტორიაზე დღემდე შესაძლებელია ქართული ტაძრული არქიტექტურის ძეგლების პოვნა. ამ უძველეს ეკლესიათა უმრავლესობა გადაკეთდა მეჩეთად. ყარსის მიწა გაჟღენთილია მოწამეთა სისხლით, რომლებიც ქრისტეს რწმენისთვის და შემდგომი ისლამიზაციის დროს დაიღუპნენ. ისტორიამ არ შემოგვინახა მათი სახელები, თუმცა ჩვენთვის უხილავად განდიდნენ ცათა სასუფეველში. ისევე, როგორც რწმენის ის აღმსარებელნი, რომლებიც მზად იყვნენ შეგუებოდნენ თურქეთის ბატონობას, მაგრამ არ დაეთანხმნენ თავისი რწმენის უარყოფას, როდესაც თურქებმა დაარღვიეს საიდ-პაშა გოგიტიძესთვის მიცემული პირობა. მათგან გადარჩენილები სოფელ ვაიოში იპოვეს თავშესაფარი. ჩვენ არ ვიცით ამ ისტორიის დეტალები და არც ის, მოინანია თუ არა საიდ-პაშამ რწმენის ღალატი და დაუბრუნდა თუ არა თავისი წინაპრების რწმენას. უცნობია, იყო თუ არა მის მიერ ისლამის მიღება ნამდვილი, თუ ეს იყო თავისი ქრისტიანი თანამოქალაქეებისთვის თავის განწირვა პავლე მოციქულის სიტყვისაებრ „რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ - ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად (რომ 9. 3). მაგრამ, იმათი ღვაწლი, ვინც თავისი რწმენისთვის მოკვდა და არ უარყო თავისი რწმენა, გვაძლევს საშუალებას ვევედროთ მათ: მოწამენო და აღმსარებელნო ყარსისა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.