პირდაპირი მტკიცებულებების გარდა ზაქარია ჭიჭინაძემ შეაგროვა სხვა წყაროებიც, რომლებიც მოგვითხრობენ საქართველოს ისლამიზაციას. მასში არაა პირდაპირი მტკიცებულება მოწამეების არსებობისა, თუმცა შკარად მიუთითებენ, რომ ისლამის მიღება იყო ძალდატანებითი. მასში გამოცემული ამბები მოწმობს ამ ადგილებში მცხოვრები მართალი ქრისტიანების აღმსარებლობას. ისევე როგორც ფაქტები მოწმობენ იმათ მხრიდან განდგომას, ვინც სუსტი იყო სულით. ის მონაკვეთი, რომელიც ამ ადგილებში ქრისტიანობის განადგურებას გვიყვება, ირიბად შეიცავს აშკარა მოწამეობას იმათი მხრიდან, ვინც უარი თქვა თავისი მიწიდან წასვლასა და მამათა რწმენის უარყოფაზე. ამის შესახებ პირდაპირმა მტკიცებულებებმა ვერ მოაღწიეს, მაგრამ ადრე მოყვანილი მოწმობებიდან, თუ როგორ ავრცელებდნენ თურქები ისლამს, გასაგები ხდება, რომ არ არსებობს ამ ადგილებში ისეთი ძველი სოფელი, სადაც მიწა არ იქნებოდა მოწამეთა სისხლით შეღებილი. ჭიჭინაძე ასევე ახსენებს ისლამიზირებული ქართლის მიწების თავისებურებას: ქართველთა ისტორიული ხსოვნა, გამაჰმადინებულთა მხრიდანაც კი. კერძოდ ქრისტიანული ტრადიციის შენახვა, ტაძართა თაყვანისცემა, ქრისტიანული ლოცვების და სხვა წეს-ჩვეულებების გამოყენება.
რათქმაუნდა, მართლმადიდებლობისთვის მიუღებელია ასეთი გაორებული რწმენა. თუმცა ეს მოწმობს იმას, რომ მიუხევად ქრისტიანობის მახვილითა და ცეცხლით გადაშენებისა, მან მაინც დატოვა წარუშლელი კვალი ადამიანთა სულებში. ამ კვალს აჭარა შეინარჩუნებს ოსმალთა უღელქვეშ, შემდეგ კი საბჭოთა რეჯიმის დროსაც. მოგვიანებით, უკვე მე-20 საუკუნეში ეს კვალი აღმოჩნდება ის ერთი-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანობა დაბრუნდება აჭარაში. დაბრუნდება მაშინ, როდესაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მოხდება ის, რასაც შემდეგ აჭარის სასწაული ეწოდა, როდესაც აჭარლები დაუბრუნდებიან თავისი წინაპრების რწმენას - მართლმადიდებლობას და ბათუმი იხილავს 1000 ქართველის ნათლობას ერთი დღეში.
ისლამიზაციის დროს დაკარგული ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება, ასევე ევქარისტია, მართლმადიდებლური ლოცვისა და წმინდანებთან ურთიერთობა, გახდება ის მიზეზი, რის გამოც ქართველი მუსლიმანები ვეღარ შეძლებენ სწორად აღიქვან ღვთისგან მოვლენილი სასწაულები, რომელიც ამ მიწაზე მოხდა. სასწაულები და ნიშნები, რომლებიც ხშირად შემაძრწუნებელი არის დამპყრობლებისთვის, დაფიქსირებულია ხალხის მეხსიერებაში. ხშირად იმ სახით მათი წაკითხვა, რა სახითაც ჩვენამდე არის მოღწეული, ბევრ გაუგებრობის იწვევს. მასში ლაპარაკობენ ქვები და ტაძრები და არა ღმერთი, ანგელოზი ან წმინდანი, რაც ძალიან უცნაურია. სასწაულების ამგვარი აღწერის ნამდვილი ბუნება ჩვენ არ ვიცით. შეიძლება საუკუნებიის განმავლობაში ასე დამახინჯებულად ხალხის ხმამ გადმოგვცა ( ისლამიზირებულ მიწებზე მოწმობა სასწაულებზე ქრისტეს და მისი ანგელოზების სახელის მოხმობით, დევნის წინაპირობა იქნებოდა),ან შეიძლება ღმერთმა მართლაც ამ სახით მოუვლინა სასწაულები ხალხს, რომელმაც უღალატა მამების რწმენას და უკვე აღარ შეეძლო სხვაგვარად მათი აღქმა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამ ამბებს გთავაზობთ იმ სახით, როგორც ისინი მოუყვეს ჭიჭინაძეს მოხუცმა მცხოვრებლებმა. არ შეგვაქვს მათში არავითარი კორექტირება: «არდაჰანი (არტაჰანი) გამაჰმადიანებულა, იქაური ქართველები ბევრნი სხვაგან გაქცეულან, არდაჰანის სოფლებში ქართველების ცოტა ხალხი დარჩენილა. ზოგნი შავშეთში გადმოსულან - მაშინ შავშეთი მთლად ქრისტიანი იყო, ქართულად ლაპარაკობდა, არდაჰანის გამაჰმადიანების შემდეგ შავშელებზე წინეთ ფოცხოვი და ქვაბლიანი გამაჰმადიანდა, აქედამაც ბევრი ხალხი გაიქცა გურჯისტანისკენ, იგინიც არ მაჰმადიანდებოდნენ, მაგრამ საქმე გაუზნელდათ. დარჩენა აღარ შეიძლებოდა. ამ ადგილების ხალხმა მალე იწყეს თურქულად ლაპარაკი, მცირე ხნის განმავლობაში მათი ყმაწვილები მთლად შეეჩვივნენ თურქულს და ქართულ ენას ივიწყებდნენ. ამ დროს შავშეთშიაც შემოვიდა თათრობა. შავშელთა მიიღეს მაჰმადიანობა, ამათ მიჰბაძეს არდაჰანს, ფოცხოვს, ქვაბლიანს და იწყეს მათებურად თურქულებრ ლაპარაკი, ყველა სცდილობდა რომ თურქული ესწავლათ, მოლა-ხოჯებიც არიგებდნენ:
- ჩვენი სჯულის ენა თურქულია; ეცადეთ, რომ ეს ენა დაისწავლოთ, თორემ გურჯიჯა თქვენი საქმე არ არისო.
ჩვენი სოფლის ხალხი კეთილი ხალხია, უფროსის სიტყვის გამგონი. მათ მოისმინეს მთავრობის და მოლა-ხოჯების თხოვნა, თურქულ ენის შესწავლა დაიწყეს; თურქულის შესწავლის დროს ქართული ენის შენახვის თავი აღარ ჰქონდათ, ამიტომ დაჰკარგეს ქართული ენა, დაავიწყდათ. დღეს, შავშეთში ქართული ენა არავინ იცის, მაგრამ ჩვენ მაინც გურჯები ვართ. მე ქართული არ ვიცი, მაგრამ ჩემს თავს გურჯს ვუწოდებ. ოსმალნიც ასე გვიწოდებენ. აი, ამიტომ დავიწყებიათ შავშელთ ქართული ენა, რადგანაც ესენი მორჩილნი ყოფილან თავიანთის უფროსების. ქართული ენის დავიწყების პირველი ბრძანება ახალციხის ფაშისგან გამოდიოდა, ამიტომ პირველად იქით ივიწყებდნენ ქართულს, ამ საქმეში ჩვენ ახსიხელები, ქვაბლიანელნი და ფოცხოველნი გვჯობდნენ, ისინი ჩვენზედ მალე ივიწყებდნენ ქართულს.
(მეოთხეს ნაამბობი)
შავშეთი საქართველოა, ჩვენც გურჯები (ქართველები) ვართ, ხოლო გურჯული ენა აღარ ვიცით. ჩემი გვარი გორდაძეა, სოფ. ციხისთაველი ვარ. მე ბერი კაცი ვარ და ჩვენ ბერი-კაცებისაგან შემიტყვია ასე:
შავშეთში ქართულის დავიწყება თავის ნებით იქმნაო. გამაჰმადიანების შემდეგ ქართული ენა ჩვენთვის აღარ იყო საჭირო, ჩვენ ჩვენს სჯულის ენაზე ვიწყეთ სწავლება და ქართული მთლად დაგვავიწყდა. ამის მოდავე არავინ იყო. ჩვენ თვითაც დიდათ ვსცდილობდით, რომ ჩვენი სჯულის ენა დაგვესწავლა, სხვა თუნდ დაგვვიწყებოდა, ეს არაფერი სადარდელი საქმე იქნებოდა. ჩვენმა ძველმა კაცებმა ქართული კარგად იცოდნენ, თათრული მძიმედ, იმათ შვილებმა და შვილის-შვილებმა ვიმეცადინეთ და თათრული ენა კარგად დავისწავლეთ, ამიტომ ქართული დაგვავიწყდა. მე ვჰკითხე:
- თქვენ თუ დაგავიწყდათ, რატომ ახალ-დაბის, ჯვარების და გარყლუფის სოფლელთ კი არ დაავიწყდა კი არ დაავიწყდა, ისინიც ხომ თქვენს სოფლებს ახლო სცხოვრობენ?
- იგინი ბატონო, ერთობ გვიან გადაბრუნებულად სჯულიდამ, მიტომ არ იტყვიან თათრულს.
- იმერხევი ხომ შავშეთთან ერთად გამაჰმადიანდა, რატომ იქ კი არ დაივიწყეს ქართული?
- ეგ იმიტომ რომ ოსმალები იმერხევს არ ეტანებოდნენ, ქვიანი ადგილია, იქ მცხოვრები კაციც მხნე, მუშა კაცი უნდა იყოს და მასთანავე იცოდეს იქაური ადგილების საქმეები. ამიტომ ოსმალები იქ არავის ასახლებდნენ გარედამ მოყვანილებს. იმერხეველებს მიტომ შერჩათ ქართული ენა. შავშეთშიც რომ ასე ყოფილიყოს, მაშინ აქაც ასე იქნებოდა, მაგრამ შავშეთი ლამაზი ქვეყანა არის, კარგი ადგილებია, ოსმალებმა ეს ადგილები ვერ დასთმეს, აქ ქურთები და ოსმალები მოიყვანეს და დაასახელეს, ჩვენ ძველები იმათში არეულან და ამიტომ დავიწყებიათ ქართული ლაპარაკი. დღეს შავშეთში ნახევარი თუ ქართველის კაცის არის დარჩენილი, ნახევარი ქურთ-თურქების და ყველა ესენი ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ იგინი ერთმანერთისაგან ვეღარ განირჩევიან; ყველას თავის ძველების ამბები დავიწყებიათ და ამბობენ, რომ ჩვენ ძველთაგანვე აქ ვსცხოვრობდით შავშეთში, ყველას გურჯად მიაჩნია თავისი თავი. ეს დღეს უფრო გახშირდა, რადგანაც აქაურებს ეშინიანთ, რომ გურჯათ არ ვსთქვათ ჩვენი თავები, მააშინ შეიძლება, რომ ოდესმე აქედან გაგვრეკონო, რადგანაც ეს ადგილები გურჯისტანია, და თქვენ კი თათრებსა და ქურთებს აქ რა ადგილი გაქვთო.
(მეხუთეს, ღრმად მოხუცის ნაამბობი)
ჩვენში, ბატონო, აი, როგორ ყოფილა სჯულიდამ გადაბრუნება და გურჯის (ქართული) დავიწყება:
ოსმალებს გურჯისტანი (საქართველო) აუღიათ, მერე ზარუშეთი (ერუშეთი) გამაჰმადიანებულა. ზარუშეთი არდაჰანს (არტაანს) იქით არის, ზარუშეთის შემდეგ გოლა (კოლა), სადაც არდაჰანი სძევს. გამაჰმადიანების შემდეგ გოლას და ზარუშეთს ხალხი ცოტა დარჩენილა, ოსმალებს თავისი კაცები მოუყვანიათ და დაუსახლებიათ. იქ დარჩენილი გურჯები ახალ მოსულ ხალხში არეულან. ამათი ენა შეუსწავლიათ და თავიანთი დავიწყებიათ. იმ დროს შავშეთი ქრისტიანი ყოფილა. ჩვენი ძველები ზარუშეთის ერთს ხევში მდგარან, ჩირდილში, სოფ. წყაროსთვაში, იქ დიდი ქლესიაც არის, იქიდამ აქ მოსულან და დასახლებულან. შავშელებს მაშინ იქით მისვლა-მოსვლა არ ჰქონდათ, რადგანაც სჯულიდამ გადასულები სძლდათ. ტბეთში დიდი ქეშიში იჯდა და ეს არ უშვებდა, რომ შავშელები გამაჰმადიანებულიყვნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ ტბეთის ქლესიიდამ დიდი ქეშიში გააგდეს (წინამძღვარი) და ქლესიის კარები დაკეტეს; მერე ხალხს გამაჰმადიანება სთხოვეს, შავშელნი მალე გამჰამდიანდნენ. გამაჰმადიანების შემდეგ შავშელებმა ზარუშეთში და გოლაში გადასვლ-გამოსვლა იწყეს. იქ ყველი, ერბო, პური და ხილი მიჰქონდათ და ჰყიდნენ. ამიტომ შეისწავლეს თათრული ენა; მერე ჩვენში ნათესაობაც ჩამოვარდა, ერთმანეთში ავირიენით და ამიტომ მოხდა, რომ შავშეთში დაივიწყეს ქართული, ჩვენს გარშემო ზარუშეთში და გოლაში აღარავინ ლაპარაკობდა ქართულს და ჩვენ აბა რას ვიზამდით? ყველაზე უფრო კარგა ხანს ჩილდირში დარჩა ქართული ენა. მე კარგად მახსოვს, რომ იქიდან ჩვენსა ბერი კაცები რომ მოვიდოდნენ, მაშინ ისინი მამაჩემს ქართულად ელაპარაკებოდნენ. მე კი თათრულს ვლაპარაკობდი, მათი ენის არაფერი მესმოდა. ჩილდირში ხან კაიმაკანი იჯდა, ხან ბეგი და ადრე ფაშაც მჯდარა. რაც შავშეთში ქართული ენა დაიკარგა, მას შემდეგ 80 წელიწადი იქნება, მეტი არა. ამ 30 წლის წინეთ შავშეთში ყველა ბერმა კაცმა და ქალმა იცოდა ქართული ლაპარაკი, თუმცა ისინი თავიანთ შვილებში ქართულს აღარ ლაპარაკობდნენ. შვილებს თათრულს ენაზე ელაპარაკებოდნენ, რომ შვილები თათრულს შესჩვეოდნენ, ამ ცოდნით ლოცვის თავებიც გაეგოთ. ხოჯებიც ამას ითხოვდნენ.
ქობულეთის გამაჰმადიანება
(გულო აღა კაიკაცისშვილის ნაამბობი)
როცა ქობულეთის გამაჰმადიანება დაიწყეს, მაშინ თურმე ჩვენი ძველები მეტის მეტი მტკიცე ქართველ ქრისტიანები იყვნენ. სჯულის გამოცვლა ძლიერ ეძნელებოდათ, მაგრამ რას იზამდნენ, „ძალა აღმართს ხნავსო“ იტყვიან ჩვენი ძველები, ჩვენც ისე მოგვივიდა, - გამაჰმადიანება გახდა ჩვენს ძალად, ჩვენს იარაღად, ამით ჩვენ შეგვეძლო სიცოცხლის პოვნა. დარჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაწყვეტა. ორში ერთი უნდა ყოფილიყო. ან გამაჰმადიანება და მით სიცოცხლის პოვნა, ან გაწყვეტა და ქრისტიანად დაშთენა. გადაწყვეტას ისევ დაშთენა ამჯობინეს. რადგანაც მრავალთ იმედები ჰქონდათ, რომ ამ მხარეს, ერთ დროს, ისევ ქრისტიანი ქართველები აიღებენ, აქ ისევ ძველებური ცხოვრების წესები აღორძინდებაო.
პირველ გამაჰმადიანების დროს, ჩვენმა ძველებმა ბევრი რამ საეკლესიო ნივთები მიწაში დაფლეს. სადაც კი სოფელი იყო, იქ ეკლესიაც არსებობდა, ეკლესიას თავის ნივთები და წიგნებიც აქვნდა, ამ ნივთების უმეტესი ნაწილი სულ მიწაშია დაფლული და შენახული. ამას ჩვენი ძველები მიტომ ჩადიოდნენ, რადგანაც მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ მხარეში ქართველთა ხმა და ცხოვრება ოდესმე კიდევ გაყვავილდება, კიდევ გამაგრდებიან, მაშინ ამ ნივთებსაც მიწიდან ამოიღებენ და მით ჩვენც მოგვიგონებენო.
ახალ გამაჰმადიანებულთ მოლები აი რას ეუბნებოდნენ:
გამაჰმადიანებული თუ ღვინოს ან არაყს დალევს, ან ქართველ კაცს დაუმეგობრდება, იმას სიკვდილის შემდეგ გველი ჩაუძვრება და თავს წელში ამოჰყოფს, სასტიკად დაისჯება.
ასწავლიდნენ კიდევ შემდეგს: რაკი შენ გამაჰმადიანდი, დღეის შემდეგ რაკი წმინდა გზა ამოირჩიე ამიტომ ღმერთი ყველაფერს გაპატივებს. შენ ოღონდ დღეში ხუთჯერ ილოცე და დანარჩენის ფიქრი ნუ გაქვს, რაც გენებოს, ის ჰქენი, ჩვენ სალოცავად ვართ გაჩენილები და ქართველ ქრისტიანები სამუსაოდ; იმათ უნდა იმუშავონ და ჩვენ უნდა ვილოცოთ, იმათ რომ გინდა ჩვენ ნამუშევარიც წავართოთ, ჩვენ ამაზე მაინც არავინ გაგვრისხავს. იყო ისეთი დროც, როცა ჩვენ ახალგაზრდა ბიჭებს ჩვენი სჯულის თავი კაცები მაღალს გორაზე აგვიყვანდნენ და გვეტყოდნენ შემდეგს:
- აბა, გადახედეთ გურიას, აგერ, ისინი სამუშაოდ გაუჩენია ღმერთს და ჩვენ კი სალოცავად, თქვენ ოღონდ ილოცეთ და დანარჩენის ზრუნვა ნუ გექნებათ, როცა შეიძლოთ, გადადით, დაეცით მუშებს, ნამუშევარი წაართვით და იცხოვრეთ მით, ღმერთი თქვენ ამაზე არ შეგრისხავთ.
(მოხუცის მჟავანაძის ნაამბობი)
ჩვენი ხალხის გამაჰმადიანება, შენი ჭირიმე, დიდის წვალებით მომხდარა. მე რომ მითხრას ვინმემ: გაქრისტიანდი, თორემ შვილს მოგიკლავო, მე მაშინათვე გავქრისტიანდები და შვილს კი არავის მოვაკვლევინებ. სოფელ ჩაქვის ხალხი მთლად გამაჰმადიანების გამო გაწყვეტილა ოსმალთან ბრძოლაში; ყველას პირზედ ის ჰქონია რომ არ გავმაჰმადიანდებით და რაო, ამის გამო ოსმალებს მთელი ჩაქვი გაუწყვეტიათ. მაგრამ მაინც ვერაფერი გაუწყვიათ: თვით ჩვენი ძველები იტყოდნენ და მეც მოვსწრებივარ იმ კაცებს, რომ კინტრიში გაამაჰმადიანეს, ქობულეთსა და ჩაქვის ხეობაში კი ჩუმად ინახავდნენ ქრისტიანობასსა. რადგანაც ხალვაშენების და გორგაძნეების გვარში მღვდლებს ჩუმად ინახავდნენო. ამათ მღვდლები საერო ტანსაცმლით ჰყავდათო, ამათაც ბოლოს ოსმალებმა შეუტყეს და ერთ დღეს კინაღამ დახოცეს ყველანი. როგორც ამბობენ, ჩვენი ძველები ქრისტიანობაზედ ძალიან მაგრა მდგარან, ძლიერ ბევრი უშრომიათ მის შენახვაზედ და ბევრიც უწვალნიათ და უტანჯნიათ გამაჰმადიანების გამო. ვერ ნახავთ ვერც ერთ ოჯახს ჩვენის ძველებისას, რომ იქ გათათრების გამო დიდი სისხლი არ იყო დაღვრილი. თათრობას მით უფრო ერიდებოდნენ და სძულდათ, რადგანაც თათრობა ძლიერ ძნელი რამ არის, ამასთანავე თუმც სუფთა, მაგრამ დღეში ხუთჯერ ლოცვა ერთობ უძნელებს ხალხს საქმეს. ჩემის ახალგაზრდობის დროს მე მახსოვს კარგად, რომ ჩვენ არც ერთი ლოცვა არაბულად რიგირანად არ ვიცოდით. აქ დიდხანს მეცადინეობდნენ ხოჯა-მოლები, რომ ჩვენთვის ლოცვები ესწავლებინათ, მაგრამ მაინც ვერ გვასწავლეს და ეს დღესაც არ ვიცით კარგად.
ხოჯებმა და მოლებმა ერთი ის გვასწავლეს, რომ შენ ქართველი არ ხარ, ქართველი შენი მტერია, ქართველი მურდალია და მისი მომკვლელი თათარი უეჭველად ცხონდება, ჯეენეთის (სამოთხის) კარები ღია დახვდება, იქ მაჰმადსაც ნახავს, ასე ატყუილებენ მოლები, ის კი არ აგონდებათ საწყლებს, რომ კაცის მკვლელი როგორ უნდა ცხონდეს. მოლები და ხოჯები რომ არ ატყუილებდნენ, მაშინ ჩვენ რა გვაქვს ერთმანეთში სამტრო. ჩვენ განა არ ვიცით, რომ ქართველთ შთამომავალნი ვართ და საქართველოს შვილები, მაგრამ რა გაეწყობა, რაც გვემართება სულ მათგან ხდება."
1) სხალთის ხეობა განლაგებულია მდინარე სხალთის სანაპიროებზე. ეს მდინარე ჩაედინება მდინარე აჭარისწყალში. ამ ორი მდინარის შესართავის ხილვა შესაძლებელია ბათუმი-ახალციხის გზაზე, ბათუმიდან 73 კილომეტრის სავალ გზაზე. თუ არ მივალთ ამ შესართავამდე და სოფელ ზემლეთში სამხრეთით გამოვუხვევთ ზემლეთი- ?, მოვხვდებით სხალთის ხეობაში. ამ ტრასაზე დაახლოებით 10 კილომეტრის გავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება სხალთის ხეობაში მოხვედრა და და სხალთის უნიკალური ტაძრის ნახვა.
2) ბორჩხა- დღევანდელ დღეს თურქული ქალაქი( ისტორიულად ქართული ) მდებარეობს ბათუმიდან 74 კილომეტრში( თუ ხოფიდან გადავალთ). მიეკუთვნება ართვინის მხარეს.
3) კერპებში მუსულმანები, სავარაუდოდ, გულისხმობდნენ წმ. ხატებს. არ ესმოდათ რა მათი თაყვანისცემა. ხატთა თაყვანისცემა ძალიან რთული აღსაქმელია მუსულმანისთვის, რადგანაც ისლამი მთლიანად კრძალავს გამოსახულებას და მიიჩნევს მას ღვთისთვის საძულველს.
4) ხიჭაური- მდებარეობს სხალთის მონასტერთან ახლოს
5) სოფელი ფაჩხა სხალთის ხეობაში. მდებარეობს ზომლეთი-ხიხაძირის ტრასიდან აღმოსავლეთით ზომლეთიდან 9 კილომეტრში.
6) სოფელი წაბლანა სხალთას ხეობაში. მდებარეობს ზემლეთი-ხიხაძირის ტრასის აღმოსავლეთით, ზემლეთიდან 11 კილომეტრში.
7) შესაძლოა საუბარია იმ ქვაზე, რომელიც წარმოადგენდა ტრაპეზს საკურთხეველში.
8) დაბა ბათუმიდან 81 კილომეტრში, ბათუმი-ახალციხის გზაზე.
9) სავარაუდოდ, საუბარია რუსეთის ჯარზე.
10) იმერხევი შავშეთის ერთ-ერთი შემადგენელი ისტორიული ტერიტორიაა, საქართველოს შუასაუკუნოვანი სამემკვიდრეო მამულია, რომელიც მდებარეობს მდინარე იმერხევის ან ბერთის ზემო წელში, ნიგალიდან აღმოსავლეთით, არსის ქედის დასავლეთით და თანამედრვოე აჭარის სამხრეთით. მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორიები დაპყრობილ იქნა ოსმალეთის იმპერიის მიერ მე-16 საუკუნეში, იმერხევს ეწოდა სანჯაკი და მისი მოსახლეობა ოსმალების მიერ თანდათან გადაყვანილ იქნა ისლამში. ეს ტერიტორია შეყვანილ იქნა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1878 წელს გაფორმებული ბერლინის ტრაქტატის შედეგად. შავშეთი და იმერხევი გახდა ბათუმის ოლქის შავშეთ-იმერხევის ნაკვეთი. პირველი მსოფლიო ომის რყევების და ხანმოკლე დამოუკიდებლობის შემდეგ, იმერხევი გახდა თურქეთის ნაწილი მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულების შესაბამისად.
11) საზღვრის თურქეთის მხრიდან, ბათუმიდან 137 კილომეტრში, თურქეთის ქალაქ არდარანის მიმართულებით, მდებარეობს ქართული დასახლება შავშეთი. დღეს ის ატარებს თურქულ სახელს შავშათს.
შავშეთი და იმავე სახელის მქონე ციხესიმაგრე აშოტ I კურაპალატის მართველობის დასაწყისში, იყო ცენტრი რეგიონისა, რომელსაც ასევე ერქვა შავშეთი.
12) კარჩკალ- ინგლ.-karcal- დაბალი მთა თურქეთის ჩრდილოეთ -აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპიროსთან და ქართული საზღვართან ახლოს. კოორდინატები: 41,05 ჩრდილოეთ განედი, 42 აღმოსავლეთ განედი. მთა წარმოადგენს პონტოს ქედის ნაწილს. ზღვის დონიდან ამაღლებულია 3428 მეტრით ან 11247 ფუტით. ისტორიულად შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში.
13) მაჭახელა- მაჭახელას ხეობა, განლაგებულია აჭარის სამხრეთ ნაწილში, ისტორიულად იყო კოლხეთის სამეფოს კულტურულ-ეკონომიკური ცენტრი. ხეობა მდებარეობს მდინარე მაჭახისწყლის გასწვრივ, რომელიც ჩაედინება მდინარე ჭოროხში. ხეობაში და მაჭახელას ნაციონალურ პარკში მოხვედრა შესაძლებელია ბათუმიდან გასვლით ბათუმი-ახალციხეს გზაზე სოფელ აჭარისწყლამდე, რომელიც ბათუმიდან 14 კილომეტრში მდებარეობს და სამხრეთით მოხვევის შემდეგ.